ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე - ხუნდაძე

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე,  - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ბოლო პერიოდში, მსოფლიოში დაჩქარებული პოლიტიკური პროცესების პარალელურად, გახშირდა როგორც საქართველოს დელეგაციების ვიზიტები ევროპაში, ასევე, ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირების სტუმრობა საქართველოში. განსაკუთრებით საყურადღებოა ევროპული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, რაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს თანამედროვე რთულ გლობალურ პოლიტიკაში. მისასალმებელია, როდესაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც.

ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე“. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთსაჭიროება თანაბარია და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მორჩილებითი თხოვნა კანდიდატის სტატუსზე, რაც დამსახურებულად გვეკუთვნის. იმედს ვიტოვებთ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სტატუსის მონიჭებაზე, რეალობად იქცევა. ასეთივე დამოკიდებულებას ველით ყველა ევროპული სახელმწიფოსგან, რომელთათვისაც საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, მათი ინტერესიცაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.