ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.
ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ბავშვების ერთი ჯგუფიდან მეორეში ძალადობრივი გადაადგილება იმ მიზნით, რომ განადგურდეს, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციის მე-2 მუხლის (e) პუნქტის თანახმად გენოციდის დანაშაულად ითვლება, რაც უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში ან დროებით რუსულ ოკუპაციაში მყოფ ტერიტორიებზე დეპორტაციისა და ძალადობრივად გადაადგილების დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს ემთხვევა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების რუსეთში უკანონოდ დეპორტაციის პრაქტიკა ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე მიმდინარეობდა.
რეზოლუციის სრული სახელწოდებაა - “უკრაინელი ბავშვებისა და სხვა სამოქალაქო პირების რუსეთის ფედერაციაში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გადაადგილება: მათი უსაფრთხო დაბრუნებისთვის პირობების შექმნა, ამ დანაშაულების შეწყვეტა და დამნაშავეების დასჯა“.