საქართველოში მომავალ 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამერიკელი კანონმდებლები USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს უსმენდნენ.
„ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე. შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს და ფიქრობს, თუ არა USAID გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოს მხარდასაჭერად?“- იკითხა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმის ცნობით.
მისივე თანახმად, ამერიკელი სენატორის სულისკვეთება გაიზიარა სხდომაზე მყოფმა USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმაც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „უკიდურესად შემაშფოთებელია“.
„მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი, ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა.
და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს“, - განაცხადა USAID-ის ხელმძღვანელმა, რასაც სენატორი შაჰინი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ამ ინიციატივის მხარდამჭერი იქნება.
სხდომაზე, სადაც საქართველოს შესახებ ერთადერთი კითხვა დაისვა, ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრაზე განიხილებოდა ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის საკითხები და 2024 წლის გეგმები.
მოსმენაზე საუბარი შეეხო ყარაბაღში არსებული ვითარებას და სუდანში მიმდინარე პროცესებს. განსახილველ მთავარ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩინეთისა და რუსეთის ქმედებებიც.