საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მისივე თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ფრანგული მხარის ცნობით, კოლონა მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის.
საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა.