საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი, უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია - კატრინ კოლონა

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეცვალა თუ არა საფრანგეთის სკეპტიციზმი და წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობა შედგება, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს საფრანგეთის „კი-ს“ იმედი. თბილისში ვიზიტით მყოფ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შეკითხვით ქართველმა ჟურნალისტმა საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმართა.

კატრინ კოლონას პასუხი იყო, რომ „რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა.

„პარადოქსულად, რუსულმა აგრესიამ უკრაინაში, დადებითი გავლენა მოახდინა ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო და ამან ასევე იქონია სხვადასხვა გავლენა. საქართველო და ქართველები, რომლებიც ოცნებობდნენ ევროპაზე, წინ წავიდნენ. მინისტრმა მითხრა ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოსახლეობის 85%-იან მხარდაჭერაზე, რომელიც გვაძლევს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება რეალობა უნდა გახდეს. ამისთვის უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში, რათა ეს ოცნება გახდეს რეალობა“, - აღნიშნა კატრინ კოლონამ.