სამხედრო კომპანია „ვაგნერ ჯგუფის“ ფინანსისტი ევგენი პრიგოჟინი შიშობს, რომ რუსეთის პოზიციები ბახმუტის უკანა მხარეს დაუცველია უკრაინის არმიის კონტრშეტევებისგან. ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებულმა ომის შესწავლის ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა თავის ახალ ანგარიშში.
ამის მაგალითად ანალიტიკოსებს მოჰყავთ ის ფაქტი, რომ პრიგოჟინი დაიმუქრა ბახმუტიდან ვაგნერის ძალების გაყვანით, თუ რუსული სამხედრო სარდლობა ვერ მიაწვდის მეტ საბრძოლო მასალას ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს.
29 აპრილს მან თქვა, რომ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები გააგრძელებენ ბრძოლას ბახმუტში, მაგრამ მოუწევთ "ორგანიზებულად გაიყვანონ ან დარჩნენ და მოკვდნენ", თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ არ გაუმჯობესდება. მანვე აღნიშნა, რომ მისი ჯგუფი 4000 ჭურვიდან, დღეში მხოლოდ 800-ს იღებს.
„პრიგოჟინი სავარაუდოდ, ცდილობს დაიბრუნოს მეტი საბრძოლო მასალის ხელმისაწვდომობა, რადგან პუტინი კიდევ ერთხელ ცვლის რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ისე, რომ შესაძლოა, პრიგოჟინისთვის ეს სასარგებლო იყოს“, - აცხადებენ ექსპერტები.
პრიგოჟინმა ასევე განაგრძო ძალისხმევა, დაერწმუნებინა კრემლი, გადასულიყო თავდაცვაზე აღმოსავლეთ უკრაინაში. მან განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეიძლება, განხორციელდეს 15 მაისამდე, მაგრამ რუსი სამხედროები არ ჩქარობენ თავდასხმების მოსაგერიებლად მომზადებას.