სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ - აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობა ივნისიდან შეეძლებათ.

„140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ სანამ ქვეყანაში სრულყოფილი, გამართული ბავშვთა ონკოლოგია, სპეციალიზებული ცენტრი გვექნება, სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან კლინიკებში შევთავაზებთ მშობლებს ალტერნატივებს. მათი არჩევანიდან გამომდინარე ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბავშვი ერთ-ერთ ამ კლინიკაში წაიყვანონ და უმკურნალონ. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც კომპანიების საერთაშორისო გამოკითხვა მიდის შესაბამის პორტალზე.

საკუთარ აზრს აფიქსირებენ. რამდენადაც მახსოვს, ხვალ თუ ზეგ სრულდება ეს პროცესი და გვეცოდინება კლინიკები, რომლებიც შეძლებენ კონკრეტული ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებას - როგორც დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობას. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ სანამ საქართველოში პროტონოთერაპიის შესაძლებლობა გვექნება, ამასაც დავაფინანსებთ და უზრუნველვყოფთ სხვა ქვეყანაში. შეთანხმებები დაიწყება ამ კლინიკებთან. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე ეს საკითხი უკვე დასრულებული იქნება და ივნისიდან ბავშვების მკურნალობის დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.