ფინეთი და აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე (DCA), რომელიც აშშ-ის სამხედროებს საშუალებას მისცემს, ფინეთში სამხედრო ბაზა შექმნას იარაღის შესანახად და წვრთნების გასამართად. უკრაინული სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია Helsingin Sanomat იტყობინება.
გასულ კვირას ფინეთის დედაქალაქში, ფინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართა.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მიქაელ ანტელმა განაცხადა, რომ შეთანხმების ტექსტი თითქმის მზად არის და მოლაპარაკებების დროს ის მხოლოდ ერთხელ გადაიხედა.
- თავდაცვის შეთანხმება ითვალისწინებს ფინეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიარებას შეერთებული შტატების წარმომადგენლობითა და ამერიკული თავდაცვის სისტემების შესაძლო განლაგებით.
DCA-ის პირობები სამხედრო ნაწილების განლაგების საშუალებას იძლევა. კონკრეტული წესები კი, დაარეგულირებს ტერიტორიაზე მათ ყოფნას, სამხედრო ტექნიკის შენახვას და პოტენციურ ამერიკულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში.
მაგალითად, დიპლომატმა ახსენა ფინეთის ტერიტორიაზე სერვის ცენტრის შექმნის შესაძლო ვარიანტი ამერიკული მეხუთე თაობის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების შესანახად. ამავდროულად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ DCA არ ეხება ფინეთში ბირთვული იარაღის შესაძლო განლაგებას.
Helsingin Sanomat-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ფინეთს შორის ოფიციალურ დონეზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2024 წლამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ დოკუმენტის პროექტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
აშშ ამჟამად მსგავს მოლაპარაკებებს შვედეთთან და დანიასთან აწარმოებს. მსგავსი შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა ნორვეგიასთან 2021 წელს გააფორმა.
ფინეთი ოფიციალურად NATO-ს წევრი 4 აპრილს გახდა.
ქვეყანამ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე განაცხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ და ნეიტრალიტეტზე თქვა.