დუდა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს

პოლონეთი ყველაფარეს გააკეთებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, რომ უკრაინა და მოლდოვა ბლოკის წევრები გახდნენ, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ

მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვის პოტენციური გაწევრიანება ევროკავშირში პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, როდესაც ის საბჭოს 2025 წლის პირველ ნახევარში თავმჯდომარეობს.

„პრემიერ მინისტრმა (მატეუშ მორავეცკი) და მე მშვენივრად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი... თავისუფალი დასავლეთის ნაწილად ქცევის სურვილი“, - განაცხადა დუდამ.

„დღეს უკრაინა არის კანდიდატი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა, რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის ნაწილი", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ომის ფონზე გააკეთა.