ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს.
„დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღინიშნება. UNESCO-ს წლევანდელი თემა ამ დღის აღსანიშნავად არის „უფლებების მომავლის ფორმირება: გამოხატვის თავისუფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლებების მამოძრავებელი ძალა“.
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ: ისინი ხელს უწყობენ ფაქტების გადამოწმებასა და გავრცელებას, ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებელია იდეების განხილვა და იმ ადამიანების გაგონება, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმის.
მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან:
თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია; სანდო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადამიანის ყველა უფლებების უზრუნველყოფისა და სრულყოფილი დემოკრატიის არსებობის პირობას წარმოადგენს; პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია, გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ; სამართლებრივი დაშინება და მედიის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს; გამოხატვის თავისუფლების უფლება განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლში.
გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პლურალიზმს, გამოხატვის თავისუფლებას და ხარისხიან ინფორმაციას როგორც ევროკავშირში, ასევე, საქართველოსა და მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში.