ენტონი ბლინკენი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ექნება დადებითი ეფექტი მათ საზღვრებს მიღმაც

აზერბაიჯანმა და სომხეთმა „ხელშესახები პროგრესს" მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, ვაშინგტონში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Reuters-ის ცნობით.

ბლინკენის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მხარეებმა რამდენიმე რთული საკითხი განიხილეს.

„იმედი მაქვს და მჯერა,  რომ როგორც მე, ისინიც ხედავენ, რომ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს. ორივე მხარემ აჩვენა გულწრფელი ვალდებულება ურთიერთობების ნორმალიზებისა და მათი დიდი ხნის კონფლიქტის დასრულების მიზნით. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი, პრინციპში შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე და უკეთ ესმით ერთმანეთის პოზიციები გადაუჭრელ საკითხებზე“, - განაცხადა ბლინკენმა.

ორმა ქვეყანამ მოლაპარაკების შემდეგ იდენტური განცხადებები გაავრცელა და თქვა, რომ მათ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს ნორმალიზაციის შესახებ.

თუმცა, ორივე მხარემ აღიარა, რომ „ზოგიერთ ძირითად საკითხზე პოზიციები განსხვავებულია".

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ნებისმიერი მცდელობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად მისასალმებელია, მაგრამ ნებისმიერი გრძელვადიანი გადაწყვეტის საფუძველი უნდა იყოს რუსეთის შუამავლობით 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, შეთანხმების მიღწევა იქნება არამხოლოდ ისტორიული, არამედ, მას ექნება ძალიან პოზიტიური ეფექტი ამ ქვეყნების ფარგლებს მიღმაც.

„შეერთებული შტატები აქ არის იმისათვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ორივე მეგობრის დახმარება ფინიშის ხაზის გადალახვაში. და ვფიქრობ, ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია“, - აღნიშნა ბლინკენმა.