საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ეს ისტორიული მიღწევაა, ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„70 წელიწადზე მეტი ხნის წინ, ევროპულმა ერებმა, სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, თავისუფალმა ევროპულმა ერებმა გადაწყვიტეს, გააერთიანონ ძალები, რათა ისაუბრონ ერთხმად, რომ დაიცვან მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება ევროპაში. ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 27 წევრი სახელმწიფო და ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეფართოვებინათ ევროპა. ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი არის საქართველო. საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.
ეს ნამდვილად ისტორიული მიღწევაა და ჩვენ ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რაც დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საქართველოში რეფორმების იმპლემენტაცია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.