საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. ევროპის დღეების ფარგლებში, დღეს 6 მაისს ესპანური დღე იმართება.

„მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა - „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს. ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება.

შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გუსტავ ლეონჰარდთან ერთად მოსულ სტუმრებს მასტერ-შეფის გამარჯვებული რუსო დაუშვილი უმასპინძლებს, რომელიც მსურველებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდება. შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.