გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით - „ღმერთო დაიფარე მეფე“.
კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს.
ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს.
მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. საქართველოს კი ბრიტანეთში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. დღევანდელ ცერემონიაზე 2000-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.