თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორს, პოლკოვნიკ მანფრედ კლაფუსსა და ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანელ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი მიესალმა და ვიზიტისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული თანმიმდევრული, პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებასა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნეს. ვიზიტისა და საუბრის ძირითად თემას საქართველოში NATO-სთან თავსებადი ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს ჩამოყალიბების პროცესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდიფიკაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით მამულაიშვილმა და პოლკოვნიკმა მანფრედ კლაფუსმა, რომელიც ამავდროულად NATO-ს კოდიფიკაციის კომიტეტის თავჯდომარეა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების შეფასებით, თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის ლოგისტიკურ სამსახურებს, NATO-ელ პარტნიორებთან უფრო მეტად თავსებადს გახდის.