უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს გაიმართება, განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტის სპიკერმა შერზოდ ასადოვმა.
„უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, უზბეკეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წლის 9 ივლისს არის დაგეგმილი“, - ამბობს სპიკერი.
ეს განცხადება მოჰყვა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებმაც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გაზარდა.
თავის მხრივ, 65 წლის მირზიოევმა, რომელსაც 2 წელზე ნაკლებია, რაც ამჟამინდელი, მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პრეზიდენტის პოსტი უკავია, განაცხადა, რომ რეფორმების გასატარებლად ახალი მანდატი სჭირდება.
„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მკვეთრი და რთული პროცესები მიმდინარეობს, განვითარების სწორი და ეფექტიანი გზის პოვნა და მისი განხორციელება ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხი ხდება“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.