რუსეთის 18 რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს

რუსეთის სულ მცირე 18 რეგიონში ტყის ხანძარია. ტიუმენისა და კურგანის რეგიონებში შვიდი ადამიანი დაიღუპა.14 დაშავდა. ხანძარმა 42 სახლი გაანადგურა. რეგიონის გუბერნატორმა ვადიმ შუმკოვმა მოსახლეობას საფრთხის არსებობის შემთხვევაში ევაკუაციისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქონების სრული დაკარგვის შემთხვევაში დაზარალებულები მიიღებენ 50 ათას რუბლს.

კურგანის რეგიონში სისხლის სამართლის საქმე გულგრილობის მუხლით აღიძრა. 

რუსული მედიის ცნობით, 8 მაისის დილისთვის რუსეთში 154 ტყის ხანძარი მძვინვარებდა.

რეგიონული ხელისუფლება და ორგანიზაცია „გრინპისი“ სტიქიურ კატასტროფაში ადამიანების დანაშაულს ხედავენ. მათი ვარაუდით, ხანძარი ბალახის დაწვისა და ჩაუმქრალი კოცონების გამო ჩნდება.