საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომითაა შესაძლებელი - კალაძე

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სტატუსის მიღება, მხოლოდ ცალ ფეხზე დგომითაა შესაძლებელი, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, სხვა რა არის, თუ არა მის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადება, რომ „ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა“.

„თქვენ ვერ დამისახელეთ ვერც ერთ განცხადებას, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მე გამეკეთებინოს ანტიდასავლური განცხადება. თუ თქვენ ანტიდასავლურს უწოდებთ იმ კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხს, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, ყოველთვის იქნება შესაბამისი პასუხი, როდესაც არის მცდელობა, რომ თვალებში ნაცარი შეგვაყარონ.

ჩვენ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს. ან როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავია, არც ეს არ უნდა გაატარო, მაქსიმალურად უნდა მიაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე“,- განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.