რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღდმეგ - ბლინკენი კოენს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან. ოფიციალურმა პირებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ორმხრივი შეშფოთების გლობალური საკითხები, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები სუდანში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და თანამშრომლობა ირანის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და მოუწოდა ისრაელის მხარეს და პალესტინის ხელისუფლებას, გადადგან მეტი ნაბიჯები რეგიონის სტაბილიზაციისთვის.

გასულ კვირას, აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, პალატის სპიკერის კევინ მაკკარტის ხელმძღვანელობით ისრაელს ეწვია. ამ ვიზიტის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი.