9 მაისი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - სამხედრო აღლუმით, „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით და მიტინგით აღნიშნეს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 78-ე წლისთავი.

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში სამხედრო აღლუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ჰიტლერის გერმანია 1945 წელს განადგურდა, თუმცა 90-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება მიიტაცეს „ნაცისტებმა გამსახურდიას მეთაურობით“, ხოლო მოგვიანებით“ უკრაინაში „ბანდერას იდეურმა მემკვიდრეებმა“ გააჩაღეს „ტერორი და ომი“.

გაგლოევის თქმით, ოსი მებრძოლები, რომელთა ბაბუებმა 1945 წელს ფაშიზმზე გაიმარჯვეს, დღეს რუს ძმებთან ერთად ნაციზმს უკრაინაში ებრძვიან.


„რესის“ ინფორმაციის მიხედვით, ცხინვალში სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. თავდაცვის სამინისტროს და შსს-ს და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის წარმომადგენლები, 30 ერთეული სამხედრო ტექნიკით.

ამავე სააგენტოს ცნობით, გაიმართა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაც. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ამ მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში, არამედ უკრაინის დღევანდელ ომში დაღუპულთა ფოტოებიც.


აფხაზური სააგენტოს, „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 9 მაისი ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების და რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა „საზეიმო მსვლელობით“ აღნიშნეს სოხუმის სანაპიროზე. ჩატარდა "უკვდავი პოლკის" მსვლელობაც და მიტინგი, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამოქვეყნდა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მილოცვაც. ბჟანია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მიმართავს, რომ მათ სიმამაცის მაგალითი მისცეს „1992-1993 წლების სამამულო ომის დროს აფხაზეთის ყველა დამცველსაც“.

რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტები არ იყვნენ კრემლის მიერ მიწვეულ სტუმრებს შორის. დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე, პრეზიდენტ პუტინთან ერთად სამხედრო აღლუმს დაესწრნენ ბელორუსის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

წყარო - რადიო თავისუფლება