რუსეთმა ევაკუაციის საბაბით დაიწყო უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის გასახლების ახალი ტალღები რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიებიდან. ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ნაწილებში, ზოგი კი, რუსეთში გადაიყვანეს. მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება შეიძლება, დაკავშირებული იყოს უკრაინის მომავალ კონტრშეტევასთან. უკრაინის მიერ არჩეულმა მელიტოპოლის მერმა განაცხადა, რუსეთი დამატებით ჯარს აგზავნის სამხრეთ ფრონტის ხაზზე.
ფედოროვის თქმით, ეს არ არის „მასობრივი ევაკუაცია“, არამედ, რეალურად, მხოლოდ ევაკუაცია საჩვენებლად".
თავის მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომელთა ოჯახის წევრების ე.წ. ევაკუაცია ქალაქ ენერგოდარიდან.
გენშტაბის ინფორმაციით, სადგურის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვთ, მათი ოჯახის წევრებს კი, შესთავაზეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქების, ბერდიანსკისა და კირილოვკის სასტუმროებში გადაყვანა. თუმცა ისინი, ვინც ევაკუაციას დასთანხმდნენ, რუსეთის როსტოვის ოლქში წაიყვანეს და კარვებში განათავსეს.
9 მაისს უკრაინის სამხედროების ეროვნულმა წინააღმდეგობის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი „ევაკუაციის საფარქვეშ ამზადებს რეგიონიდან დეპორტაციის ახალ ტალღას“.
ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილში, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.