საფრანგეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს - ზელენსკი

საფრანგეთის პარლამენტმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან საფრანგეთის პარლამენტს ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა აღიაროს - ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი გასამართლდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტისთვის.

„ჩვენი პარტნიორებისგან კიდევ ერთი კარგი სიახლეა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს - ორივე მხარეს - და თითოეულ ამერიკულ ოჯახს მათი ურყევი მხარდაჭერისთვის და ამერიკელების სიძლიერისთვის, რომელიც გვაძლიერებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე მუშაობს სხვა პარტნიორებთან ერთად თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, რათა ახალი შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინელი მეომრებისთვის.