როგორ ცდილობდა რუსეთი საუკუნეების განმავლობაში უკრაინული ენის, კულტურის წაშლას

რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, არამხოლოდ ათიათასობით უკრაინელი მოკლა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა, ის ასევე მიზნად ისახავდა უკრაინული იდენტობის ბირთვის - ენისა და კულტურის განადგურებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იქ არსებული ბიზნესები და დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ, რუსულ ენაზე გადასულიყვნენ, ხოლო სკოლებში რუსული სასწავლო გეგმა დაწესდა.

ხერსონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი და მარიუპოლის მუზეუმი, რუსული ოკუპაციის დროს დაიცალა ფასდაუდებელი კულტურული ფასეულობებისაგან. უკრაინის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, 1271-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინა.


473 კულტურული ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ისტორიული ეკლესია და თეატრი განადგურდა რუსეთის დაბომბვისა და სარაკეტო დარტყმის შედეგად, მაგრამ რუსეთის მცდელობები, გაანადგუროს უკრაინული ენა და კულტურა, 2022 წელს არ დაწყებულა.

კვალი რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირშია, როდესაც მოსკოვი გამუდმებით კრძალავდა უკრაინულ ენას, ზღუდავდა, დევნიდა და სიკვდილით სჯიდა უკრაინელ მხატვრებს, მწერლებსა და პოეტებს.


რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი არ უარყოფდნენ უკრაინელების, როგორც ცალკე ეთნიკური ჯგუფის არსებობას. მათ უარყვეს უკრაინელების, როგორც ცალკეული ერის არსებობა. ერს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა და თავისი კულტურა“, - ამბობს უკრაინელი ისტორიკოსი იაროსლავ ჰრიცაკი.

რუსეთის იმპერია

„რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინული კულტურა და ენა ბოლო 400 წლის განმავლობაში“, ამბობს ისტორიკოსი ვოლოდიმირ ტილიშჩაკი.

მე-18 საუკუნის დასაწყისისთვის, უკრაინის კულტურული სფერო „ისევე განვითარებული იყო, როგორც პოლონეთში, ლიეტუვასა და ჩეხეთში“, აღნიშნავს თავის მხრივ, ისტორიკოსი კირილო ჰალუშკო.


1720 წელს, პეტრე დიდმა გამოსცა ბრძანებულება რელიგიურ ტექსტებსა და წიგნებში უკრაინული ენის გამოყენების წინააღმდეგ. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკრაინული ენის გამოყენების აკრძალვისკენ. 1729 წელს პეტრე II-მ ბრძანა სახელმწიფო რეგულაციებისა და დადგენილებების გადაწერა უკრაინულიდან რუსულ ენაზე.

მაგრამ უფრო მკაცრი ზომები გაჩნდა 1863 წელს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა პიოტრ ვალუევმა გამოსცა ბრძანებულება უკრაინულ ენაზე წიგნების გამოცემის გაუქმების შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არცერთი განსაკუთრებული პატარა რუსული ენა (იგულისხმება უკრაინული) არასოდეს ყოფილა, არ არსებობს და არ იარსებებს“. რუსეთმა უკრაინული ენა თავის მტრად გამოაცხადა.


უკრაინა ცდილობდა, გაქცეოდა რუსეთის ბატონობას 1917 წელს, მისი იმპერიის დაშლის შემდეგ. უკრაინის დამოუკიდებლობის ომის დროს (1917-1921) უკრაინული ენა გამოიყენებოდა ბეჭდვისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაგრამ რუსეთის იმპერიის ფორმალური დასასრული არ ნიშნავდა იმას, რომ მისი იმპერიული ნარატივები გაქრა: 1922 წელს, უკრაინა (მისი დასავლეთის რეგიონების გარდა) კიდევ ერთხელ შთანთქა მოსკოვმა ახლად ჩამოყალიბებულ საბჭოთა კავშირში.

ის გახდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ისევე, როგორც იმპერიული რუსეთი, საბჭოთა ხელისუფლება არ უარყოფდა უკრაინელებს, როგორც ხალხს, მაგრამ ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის უფლებას, ყოფილიყო დამოუკიდებელი ერი. უკრაინაზე თავისი ძალაუფლების გასაძლიერებლად და ასევე დასავლეთისთვის იმის დასანახად, რომ ნებისმიერ ერს ჰქონდა თვითგამორკვევის უფლება საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ახალმა რეჟიმმა თავდაპირველად წამოიწყო ე.წ. უკრაინიზაციის პოლიტიკა, რომელიც საკმაოდ ლიბერალური, მაგრამ დროებითი ჩანდა.

მან სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკრაინულ ენაზე გადასვლის საშუალება მისცა. ასევე თავისუფლად იწარმოებოდა წიგნები, გაზეთები და ფილმებიც კი უკრაინულ ენაზე.


ისტორიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის მიღწევები და კულტურა განზრახ გამარტივდა. „მაგალითად, ფილმებში არის მრავალი მაგალითი, როდესაც უკრაინელებს აჩვენებენ, როგორც სულელ სოფლელებს, რომლებიც მღერიან სასაცილო სიმღერებს“.

თუმცა, 1933-34 წლებში საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა გააუქმა „უკრაინიზაცია", რადგან ხელისუფლება შიშობდა, რომ ეს შეიძლება, მათ რეჟიმს დამუქრებოდა. მის დასასრულს თან ახლდა სასტიკი რეპრესიები. მრავალი უკრაინელი კულტურული მოღვაწის სიცოცხლე განადგურდა მათი პრო-უკრაინული პოზიციის გამო. ითვლება, რომ 1933 წლის გაზაფხული იყო საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინული ინტელიგენციის მასობრივი განადგურების დასაწყისი. 1933 წლის 13 მაისს, უკრაინელმა მწერალმა და ინტელექტუალმა, მიკოლა ხვილოვიმ თავი მოიკლა. ჩანაწერში თავად ისაუბრა უკრაინაში ტერორზე და გააკრიტიკა კომუნისტური პარტია.


მნიშვნელოვანი ცვლილება ევრომაიდანის რევოლუციის დროს, 2013-2014 წლებში დაიწყო. ის დასრულდა იმით, რომ უკრაინელებმა ჩამოაგდეს პრორუსული რეჟიმი და აირჩიეს საკუთარი მომავალი. თანამედროვე რუსეთი კი, საბჭოთა კავშირის ფერფლზეა აგებული და წინამორბედების იმპერიულ იდეებზე უარი არ უთქვამს. ამ შეხედულებების მხოლოდ რადიკალიზაცია მოხდა რუსეთის ამჟამინდელი ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დროს. პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა ყირიმის ანექსია. მალე შეიჭრა უკრაინის აღმოსავლეთით და დაიპყრო დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილები.

რადიკალური ცვლილება რიტორიკაში, 2021 წელს მოხდა, როდესაც პუტინმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინა „არასოდეს არსებობდა“ და რომ „უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ერთი მთლიანობა“.


2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, დაბომბა ქალაქები მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკრაინის ნაწილი ოკუპირებული იყო რუსეთის ჯარების მიერ. დამტკიცდა, რომ არც რუსეთის მიზანი და არც მისი მეთოდები არ შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში.

მას სურს, გაანადგუროს უკრაინელი ერი.

რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, მისმა ჯარებმა დაიწყეს უკრაინის ისტორიისა და მხატვრული წიგნების კონფისკაცია და განადგურება, რომლებიც „არ შეესაბამება კრემლის პროპაგანდას". 

ოკუპირებულ ქალაქ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში, მელიტოპოლში, რუსეთის ჯარებმა ადგილობრივი ბიბლიოთეკებიდან მთელი უკრაინული ლიტერატურა ამოიღეს -  იტყობინება უკრაინის სამხედროების ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.


უკრაინელი საბავშვო მწერალი და პოეტი ვოლოდიმირ ვაკულენკო, ხარკოვის ოლქის იზუმის მახლობლად მდებარე სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს. მხატვარი პანჩენკო ერთთვიანი შიმშილის შემდეგ გარდაიცვალა კიევის ოლქში, ოკუპირებულ ბუჩაში.

ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში, ხერსონის ოლქში, რუსეთის ჯარებმა საბჭოთა ლიდერის, ვლადიმერ ლენინის ძეგლი აღმართეს. ისინი იპარავდნენ ადგილობრივი მუზეუმებიდან ხელოვნების კოლექციებს და ქუჩებს მოსკოვის ლიდერებისა და მათი პროპაგანდისტული ლოზუნგების სახელს უწოდებდნენ.

„ეს არის კულტურული გენოციდი უკრაინის წინააღმდეგ“, - ამბობენ ისტორიკოსები.


სტატია მომზადებულია უკრაინული სააგენტო Kyivindependent-ის მიერ, პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებენ ნიდერლანდების საელჩო და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი.