ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.
გამოცემასთან ოფიციალური კომენტარის დროს, ენტონი ბლინკენის უწყებაში აცხადებენ, რომ „ამერიკელი ხალხი სოლიდარულია ქართველი ხალხისადმი, სოლიდარულია, მისი სურვილისადმი, იყოს თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები და ერთად ვმუშაობთ საქართველოს საერთო მიზნისთვის - ეს არის ევროატლანტიკური ერების ოჯახში სრულად ინტეგრირებული, მთლიანი, თავისუფალი საქართველო - ქვეყანა, რომელიც არის მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის; მოამზადა ათიათასობით ქართველი ჯარისკაცი და კიდევ ათასობით ადამიანი გაგზავნა შეერთებულ შტატებში, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. სხვა მრავალ ინიციატივასთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას საქართველოში.
ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხთან მიმართებით, რომლებიც ეხება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობას. დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ჩვენ ყველამ დავინახეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აშორებს საქართველოს გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ რაც მთავარია, ასუსტებს მის დემოკრატიას.
ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას საქართველოს ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განაცხადა Europetime-თან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.