ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, ბახმუტის მახლობლად გაარღვიეს რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია. მათ შორის, უკრაინელებმა დაიკავეს ბახმუტი-ჩასივ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს. არ არის დაკონკრეტებული, გაარღვიეს, თუ არა თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციები ბახმუტის მახლობლად, რის შესახებაც სხვადასხვა წყარო წერდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ცნობებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 59 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქებზე, სლავიანსკზე, კონსტანტინოვკასა და ზაპოროჟიეზე.
- გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკისთვის.
ამასთანავე, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 95-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 44 შეტევა.