უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არ ადასტურებს ინფორმაციას იმი შესახებ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ აუდიტორიისადმი მიემართა.
უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი Facebook-ზე წერს, რომ პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის არ მიუმართავს ფინალში, ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით.
მანამდე, The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მრავალმილიონიანი მაყურებლისთვის მიემართა და მოეწოდებინა რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ.
ამასთან, თავად კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდა განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ „ევროვიზია“ საერთაშორისო გასართობი შოუა, მისი დაარსებისთანავე დადგენილი მკაცრი წესების და პრინციპების დაცვით ტარდება და კონკურსის არაპოლიტიკური ხასიათი გამორიცხავს „ევროვიზიის“ ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობას.
„ევროვიზია 2023" უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან წინა წლის კონკურსში სწორედ უკრაინულმა ჯგუფმა - Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა.
უკრაინაში ომის გამო, წლევანდელ კონკურსს დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული მასპინძლობს. 2022 წელს, ბრიტანეთის წარმომადგენელმა ხსენებულ კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.