პენტაგონი ირანის ქმედებების გამო, სპარსეთის ყურეში პატრულირებას აძლიერებს - მედია

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პენტაგონი ირანის მუქარის გამო, ძალებს გაგზავნის სპარსეთის ყურეში. აშშ-ის საზღვაო ძალების ცნობით, ირანმა გასულ კვირას ორი ნავთობტანკერი დააკავა. აშშ-მ გადაწყვეტილება, „ირანის მხრიდან კომერციული გემების მიმართ განმეორებითი მუქარის გამო“ მიიღო. 

„აშშ არ დაუშვებს უცხოურ ან რეგიონალურ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას ახლო აღმოსავლეთის წყლებში, მათ შორის ჰორმუზის სრუტეში“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

კირბიმ აღნიშნა, რომ ირანმა ყურეში საზღვაო გემების დაკავება და თავდასხმები გაზარდა და რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს რეგიონში სამხედრო ნაბიჯებთან დაკავშირებით.

 აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა (CENTCOM), მაიკლ ლოუჰორნმა Al Arabiya-ს განუცხადა, რომ სამხედროები რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ.

მოგვიანებით, აშშ-ის მე-5 ფლოტმა გამოაცხადა, რომ აძლიერებს როტაციას იმ გემებისა და თვითმფრინავების, რომლებიც ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ირანის მიერ ბოლოდროინდელი გემების დაკავების გამო პატრულირებენ.