საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აგრეთვე ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც დანიის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ ფორმატებში.
ხაზი გაესვა დანიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი წარიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განახლებადი ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი და სხვ.
დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ 2023 წლის ბოლოდან ამოქმედდება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, რაც დადებითად აისახება ორმხრივი ეკონომიკურ კავშირებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით. აღინიშნა, რომ დიდია დაინტერესება, რათა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.
ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევისკენაა მიმართული, მათ შორისაა, ფოთის ნავსადგურის გაფართოება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებად ენერგეტიკაზე. დადებითად შეფასდა რეგიონული პროექტი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემებს შავიზ ზღვის ენერგოკაბელის მეშვეობით ევროკავშირისას დააკავშირებს.
მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. დასასრულს, მხარეებმა გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დანიის საელჩოს გახსნა დადებით გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.