რუსულმა ავიაკომპანიამ „აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელმაც საქართველოში ფრენა უნდა შეასრულოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ ცნობა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაავრცელეს და მომხდარის გამო, პროტესტი დააფიქსირეს.
„ეხოკავკაზა“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა: „შემოწმებული და გაცემული გაქვთ ნებართვა კომპანიაზე, რომელიც თავის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად ასახელებს?“ მიმართვიდან დაახლოებით, ორი საათის შემდეგ მშვენიერაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „აზიმუტმა“ მითითებული ქვეყნების სიიდან, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამოიღო.
მედიის ცნობით, „აზიმუტის" ვებსაიტზე გაკეთებულ „სქრინებში" ჩანს, რომ კომპანიას ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ მითითებული ჰქონდა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.
მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი შესრულდება 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ.
ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებზე. ბილეთის მინიმალური ფასი მოსკოვიდან 17 148 რუსული რუბლია (215 აშშ დოლარი), თბილისიდან - 20 675 რუბლი (260 აშშ დოლარი).