მოსკოვი „ხედავს ნიშნებს“, რომ მის წინააღმდეგ სანქციებს შესაძლოა, შუა აზიის ზოგიერთი ქვეყანაც შეუერთდეს

ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნისგან რუსეთი ხედავს მინიშნებას, რომ ისინი შესაძლოა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ ცალმხრივი ეკონომიკური შეზღუდვების დაუშვებლობისა და არალეგიტიმურობის შესახებ რუსეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ამის მიუხედავად, ზოგიერთ მათგანს გარისკვა არ სურს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები წერენ.

სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას ეძღვნებოდა, გალუზინი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არავის კარნახობს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის", „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" და დსთ-ის ფარგლებში აღებულ ურთიერთვალდებულებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსეთში დარწმუნებულნი არიან, რომ "ცენტრალური აზიის დედაქალაქებში კარგად ხედავენ და ესმით, რომ რუსეთთან კავშირების ხელოვნურად დანგრევას მოჰყვება გაცილებით მძიმე ზარალი, ვიდრე მეორადი სანქციებისგან დანახარჯს“.


შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი ამ დრომდე არ შეერთებიან.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე, „დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო.