უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი პაკეტის გამოყოფა დაბლოკა

უნგრეთის მთავრობამ Reuters-ს დაუდასტურა, რომ მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების გაწევას ევროპის მშვიდობის ფონდიდან.

სააგენტოს ცნობით, უნგრეთი არ ეთანხმება ფონდიდან თანხების გამოყოფას მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან ეს აფერხებს საკმარისი სახსრების მიმართვას ევროკავშირის ინტერესთა შესაბამის სხვა სფეროებში. მათ შორის კი, ბუდაპეშტი ბალკანეთს და ჩრდილოეთ აფრიკას ასახელებს.


უფრო ადრე, 16 მაისს, იტალიურმა სააგენტო ANSA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა, ევროპის მშვიდობის ფონდიდან, უკრაინისთვის ახალი ტრანშის, 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა.

ევროპის მშვიდობის ფონდს, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აფინანსებენ. ამ ფონდიდან უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, დაახლოებით, 3.6 მილიარდი ევრო უკვე გაცემულია.

უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის და NATO-ს წევრია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარი განაცხადა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებიც არაერთხელ გააკრიტიკა.