წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა, რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიემხრო რეზოლუციას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რათა რუსეთის მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, რომ რეზოლუციის დამტკიცებამდე კონგრესის წევრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უკრაინის გენერალური პროკურორისთვის, ანდრეი კოსტინისთვის და უშუალოდ ენახათ რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულები.

რეზოლუციაში კონგრესმენები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის დარღვევას და აცხადებენ, რომ „რუსეთის ფედერაციის უპრეცედენტო სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში კრიტიკულ წერტილს მიაღწია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს“.