უკრაინა: 30 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან, 29 მოგერიებულია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 30 ფრთოსანი რაკეტით მიიტანეს იერიში.

მათივე ცნობით, სარაკეტო შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა 17 მაისის 21:00 საათიდან 18 მაისის 05:30 საათამდე.

საჰაერო ძალები იუწყება, რომ 30 რუსული რაკეტიდან, 29 გაანადგურეს. მოგერიებულია 4 უპილოტო საფრენი აპარტიც.

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში, დილამდე გაგრძელდა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი კიევი გახდა. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევის თავზე ყველა რუსული რაკეტა გაანადგურა.

17 მაისის საღამოს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 2 ადამიანი. ადმინისტრაციისვე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული რაკეტების უმრავლესობა შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.