საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებსა და ელჩების მოადგილეებს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროში შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც.
„შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან გაიმართა ჩვენი ინიციატივით. შეხვედრა შეეხებოდა, აქ არაფერია დასამალი, სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციას. ბუნებრივია, ვისაუბრეთ მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და ასევე მიმოვიხილეთ სხვადასხვა საკითხიც, რომელზეც გასაგები მიზეზების გამო, საჯაროდ საუბარს მოვერიდები.
სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის არ აქვს რაიმე სახის კითხვა. სტრასბურგში წარდგენილი იყო პოზიციები, როგორც მოსარჩელეს მხრიდან, ასევე, საპასუხო პოზიციები ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე ბუნებრივია კითხვა არავის გააჩნია. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე და ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმები და არა პოლიტიკური აღქმებით და შთაბეჭდილებებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ვარშავაში სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარს ეხება, საბოლოაა.