ავიარეისის შესრულების შემდეგ, გავრილოვი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე ისევ საუბრობს

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას ჯერ კიდევ 20 იანვარს განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. იმ პერიოდში, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი იყო გააქტიურებული. ამ განცხადებიდან ზუსტად 4 თვის შემდეგ და ფრენების შეწყვეტიდან 4-წლის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან პირველი ავიარეისი, 19 მაისს შესრულდა. თვითმფრინავის დაშვებას გავრილოვის მორიგი განცხადება მოჰყვა.

„ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოში შორის, ელჩების გაცვლა”, - ამბობს გავრილოვი. მისი შეფასებით, ეს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

„ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა", -ამბობს სერგეი გავრილოვი.

ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორე სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა.

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.