უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და გლობალური საკითხები.
მისივე თქმით, ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცს აცნობა უკრაინაში უსაფრთხოების ვითარებისა და რუსი აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. მან ასევე ისაუბრა უკრაინის სამშვიდობო ინიციატივის მთავარ ელემენტებზე - მშვიდობის ფორმულაზე, რომელიც მიზნად ისახავს ომის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას.
ზელენსკის თქმით, მან მადლობა გადაუხადა პრინცს არაბული ლიგის სამიტზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვევისთვის.
„შეხვედრისას მე ხაზი გავუსვი საუდის არაბეთის წარმატებულ მონაწილეობას რუსული ტყვეობიდან 10 ადამიანის გათავისუფლებაში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა ტყვეების გასათავისუფლებლად. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მისი პრინციპული პოზიციისთვის, მადლობელი ვარ“, - განაცხადა ზელენსკიმ.