„მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას“, - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ამერიკელი მრჩეველი, დენიელ რაისი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
რა მოხდება, თუ ტრამპი გახდება ისევ პრეზიდენტი, რას უქადის ეს უკრაინას? დენიელ რაისმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა.
აქ ჰიპოთეზებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საინტერესოდ და სახალისოდაც, მაგრამ რეალისტურად თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ სიტუაცია ასე გამოიყურება: არჩევნებამდე 18 თვეა, ეს ომი კი 15 თვეა გრძელდება. მე ვერ ვხედავ იმ მომავლის სცენარს, სადაც ეს ომი კიდევ 18 თვეს გასტანს, ვფიქრობ, რომ მანამდე ან ერთი, ან მეორე მხარე მოიპოვებს გამარჯვებას.
დიახ, ან ერთი, ან მეორე - გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ უნდა განაგრძოს დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა, რადგან უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ვერ გადარჩება. და თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება კოლოსალური დანაკარგები რუსული არმიისთვის და მე მეეჭვება, რომ ისინი ამ გვემას კიდევ დიდხანს გაუძლებენ. 200 000 მებრძოლი დაკარგეს. 200 000.
უბრალოდ დაუფიქრდით ამ რიცხვს, გაიაზრეთ. ერთ-ერთი გამოწვევა უკრაინისთვის ისაა, რომ რუსული არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეს დაქირავებული მებრძოლების არმიაა. ავიღოთ მაგალითად „ვაგნერის“ დანაყოფი - მათ რუსული საზოგადოების ნარჩენები მოაქუჩეს, მკვლელები ციხიდან გამოიყვანეს და ფრონტზე უკრეს თავი. როგორ ფიქრობთ, ვის დააკლდება ეს ხალხი? არც არავის.
ასე რომ, როდესაც დაქირავებული მებრძოლების არმიას ებრძვი, იმაზე ვერ დადებ ფსონს, რომ მათი დახოცვით მოწინააღმდეგის მორალი დიდად შესუსტდება, რომ ხალხი იქით, მეორე მხარეზე, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვა, რადგან ეს დაქირავებული მებრძოლები არავის ანაღვლებს.
შესაბამისად, ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აღარ აიღონ და უკრაინაში აღარ წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად გამასაღებენ.
დასავლეთში ბევრს უჭირს ამის ჯეროვნად გააზრება, რომ ეს ხალხი უბრალოდ უნდა აიღო და დახოცო - მე კი, როგორც ყოფილი პროფესიონალი ოფიცერი გეტყვით, რომ ომში, ფაქტობრივად, ძალადობის მენეჯერი ხარ და, როგორც წესი, ცდილობ, მოწინააღმდეგის შეტევას პროპორციული პასუხი დაუპირისპირო. მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე უბრალოდ ადამიანების ურიცხვ ხროვას მოგისევს, რომელთაც უხდიან იმისთვის, რომ შენ და შენი ხალხი დახოცონ, მაშინ სხვა გზა არ გაქვს - შენ უნდა დახოცო ისინი, ყველანი, სანამ არ დასრულდებიან.
ერთადერთი გზაა, ისინი საიქიოს გაისტუმრო, რათა სხვები აღარ აყვნენ ცდუნებას, ხელში იარაღი აიღონ და უკრაინაში წამოვიდნენ საომრად, რაც არ უნდა შესთავაზონ გასამრჯელოდ. მათ უნდა თქვან - არ მიღირს იქ წასვლა, იქ ხომ აუცილებლად “გამასაღებენ”.
ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ გარდაუვალია, უკრაინა მიიღებს დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს.
დენიელ რაისის თქმით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომი, მით უფრო რეალური ხდება „შავი გედის სცენარის საფრთხე“.