უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, დემოკრატიის მკაფიო გლობალური ლიდერობაა საჭირო.
იაპონიაში, სამდღიან სამიტზე გამოსვლისას, ზელენსკიმ ლიდერებს განუცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლობამ სხვა ქვეყნებს აჩვენა, თუ როგორი იქნება პასუხი, თუ ერთი ქვეყანა გადაწყვეტს მეორე ქვეყანაში შეჭრას.
„და რაც უფრო მეტს ვითანამშრომლებთ თქვენთან, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ მსოფლიოში ვინმე სხვა რუსეთის გიჟურ გზას გაჰყვეს", - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ახლა მიდის რუსეთის შესაძლებლობების კიდევ უფრო შემცირებისკენ იმ ფონზე, რომ უფრო მეტი დასავლელი ლიდერი გამოთქვამს მზადყოფნას, მოამზადონ უკრაინელი მფრინავები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე.
„როცა ჩვენი პილოტები გაიცნობენ F-16-ს და როცა ეს მებრძოლები ჩვენს ცაზე გამოჩნდებიან, ეს მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის. ეს იქნება ისტორიული მომენტი ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების მთელი არქიტექტურისთვის“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ჰიროსიმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტს მასპინძლობს. ჰიროსიმაში, ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჯო ბაიდენთან გამართა მოლაპარაკებები. გადაწყდა, რომ კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კი, გაძლიერდება.