უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პრემიერთან გამართა მოლაპარაკებები.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრს G7-ის სამიტში მონაწილეობის მოწვევისთვის.
„ახლა გადამწყვეტი მომენტია უკრაინაში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის მომავლისთვის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს უკრაინის ხმა ჰიროსიმაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იაპონიას 7,6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტისთვის, რომელიც მანამდე გამოიყო.
ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრს ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო და მადლიერება გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
- სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკისთვის იაპონიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ზელენსკიმ და კიშიდამ განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინის დასახმარებლად იაპონიის მთავრობის მხრიდან, კერძოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების მატერიალური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ უკრაინის აღდგენის შესახებ უკრაინულ-იაპონური კონფერენციის ჩატარებაზე და ამ პროცესში კერძო ბიზნესის ჩართვაზე. ორმა ლიდერმა განიხილა იაპონური ინვესტიციების შესაძლებლობა წყალბადის, ლითიუმის ბატარეების, ავტომობილების და ენერგეტიკული აღჭურვილობის წარმოებაში, ასევე, ესტაკადების და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იმედოვნებს იაპონიის მხარდაჭერას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში.