უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროზე წუხანდელი თავდასხმისთვის გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 20-ივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა.
დარტყმები განხორციელდა სამხედრო და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ კასპიის და აზოვის ზღვების რაიონებიდან და კურსკის ოლქიდან, ტუ-95 და ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებიდან ისროლა 9 ფრთოსანი რაკეტა, ოკუპირებული ყირიმიდან - 2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ და ასევე, 5 საზენიტო-მართვადი რაკეტა - ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან განხორციელდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ქალაქ დნიპროსა და დნიპროს რაიონში დაიჭრა 8 ადამიანი. დაზიანებულია სამაშველო სამსახურის შენობები, საწარმო, 3 კერძო და 9 მრავალსართულიანი სახლი, საბავშვო ბაღი, მაღაზია და ათეულობით ავტომანქანა.