საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის რეგულარული გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ აპრილის თვეში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით და ის პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა.
„სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია ინფორმაციაში.