უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს - კიევის პასუხი ორბანს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს მხოლოდ კრემლში უჭერენ მხარს და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.


ნიკოლენკოს თქმით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშან ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო.

ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

„ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე არ მუშაობს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.