პოლონეთი მზადაა, 30 000 უკრაინელი სამხედრო გაწვრთნას - მარიუშ ბლაშჩაკი

ვარშავა მზადაა, 30000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მოამზადოს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, მოვამზადოთ 30 000 ჯარისკაცი, ეს პროცესი ნამდვილად კარგად მიმდინარეობს”, - განაცხადა ბლაშჩაკმა.

მისი თქმით, ევროპულმა ინსტიტუტებმა პოლონეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების პერსპექტივები დადებითად შეაფასეს.


პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ბრიუსელში გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ბორის პისტორიუსთან განიხილა ცენტრის შექმნის საკითხი, სადაც ტანკებს შეაკეთებენ.

მისი თქმით, ამ კონტექსტში არის „გარკვეული გამოწვევები“, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათ წარმატებით გაუმკლავდებიან. ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ მალე პისტორიუსი პოლონეთს ეწვევა, ამიტომ, მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ აღნიშნული ჰაბის შექმნის დეტალები.