უკრაინის 7 ოლქში სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $16 მილიონი გამოიყო - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისიტრ, დენის შმიგალის ინფორმაციით, 7 ოლქში სარეკონსტრუქციო სამუშაოსთვის $16 მილიონი გამოიყო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, თანხებს 2023 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, დნიპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, კიევი, ოდესა, პოლტავა და ხარკოვის ოლქები 26 პროექტისთვის გამოიყენებენ.

შმიგალმა აღნიშნა, რომ ეს პროექტები მიზნად ისახავს საავადმყოფოების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრების, ასევე, საზოგადოებრივი და კულტურული ცენტრების აღდგენას.

კიევის ეკონომიკის სკოლის ცნობით, რომელიც მარტის მონაცემს ასახავს, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინას 138 მილიარდ დოლარზე მეტის ზარალი მიაყენა, მათ შორის ინფრასტრუქტურაზე მოდის 36,2 მილიარდი დოლარი.