ჩვენი არჩევანი ევროპაა - პაპუაშვილი

ახლა ევროკავშირმა უნდა დაანახოს ქართველ ხალხს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,ზოგადად, საქართველო, ბოლო 30 წლის განმავლობაში, თავისი გაღებული სისხლით, თავისი რეფორმებით, ინსტიტუციების განვითარებით, იმით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურად ლიდერი ქვეყანა რეგიონში, როგორც დემოკრატიის. ისე ინსტიტუციების სიძლიერის მხრივ და ასევე, ზოგიერთი პარამეტრებით, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ და ჩვენ ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ევროკავშირმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამიტომ, დღეს სინამდვილეში, ბურთი არა საქართველოს მოედანზე, არამედ ევროკავშირის მოედანზეა. ევროკავშირმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ქართველ ხალხს დაანახოს, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება, ხედავს და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც ქართველმა ხალხმა და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.