ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია? - ევროპელო, ამერიკელო მეგობრებო, 2008 წლის ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
“2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?
მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა,“ - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.