26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ.
17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.
მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ქალაქში სხვადასხვა უწყებების სტენდები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კუთხეს აჭარაში წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კი ზუგდიდსა და თელავში იქნება წარმოდგენილი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება.