ბენ უოლესი უკრაინას ეწვია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი 24 მაისს კიევში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალურმა პირებმა უსაფრთხოების საკითხები, ვილნიუსში NATO-ს მომავალი სამიტი და კიევის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს სასწავლო პროგრამა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება კი, შორი რადიუსის იარაღს დაეთმო.

„მსოფლიომ კვლავ დაინახა გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობა, მსოფლიომ კვლავ იხილა ნამდვილი მეგობრობა და მსოფლიომ დაინახა, რომ ლიდერობა უპირატესობას იძლევა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას შორი რადიუსის იარაღი მიაწოდა. მას შეუძლია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებამდე მიაღწიოს.