უკრაინელებმა რუსეთის ძალების მიერ გაშვებული 36-ვე დრონი გაანადგურეს - საჰაერო ძალები

საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსების მიერ წუხანდელი შეტევის დროს გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 36-ვე დრონი გაანადგურეს.

მისივე თანახმად, დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებიდან იყო გაშვებული.

„ერთობლივი ძალისხმევით 36-ვე „შაჰედი“ განადგურდა!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ქვეყნის დასავლეთ ოლქებში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების განადგურება იყო.

25 მაისის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.