სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მის სიტყვებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, არამედ მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს. ასე გამოეხმაურა ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებებს, რომელმაც კომენტარი გააკეთა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებებზე ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) შესახებ.
ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი ფაშინიანის ბოლო განცხადებაზე სომხეთის შესაძლო გასვლის შესახებ, რომლის თანახმად, სომხეთმა, შესაძლოა, დატოვოს CSTO, თუ ეს ორგანიზაცია, სადაც რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავის არაეფექტიანობას წარმოაჩენს.
ფაშინიანმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა, რომელთაგან ერთ-ერთი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას ეხებოდა.
პრემიერმა უპასუხა, რომ არ იცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელმა წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება და აღნიშნა: „რუსეთის ფედერაციაში თანამოსაუბრეები არიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მთავრობის თავმჯდომარე. ისეთი პატივცემული და მეგობრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც კი, როგორიც რუსეთია, ჩემს ნათქვამზე კომენტარს ვერ უნდა აკეთებდეს“.
„თუ ეს ფიგურალური თქმაა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის გასვლის შესახებ პოზიციის ლობირებისთვის, მაშინ, ჩემი აზრით, საჭიროა სიტყვებით მანიპულირების მთელი საფრთხე მაინც გვესმოდეს“, - განაცხადა უფრო ადრე ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას მარია ზახაროვამ.